Adjaranews | აჭარანიუსი » ბათუმი » მასპინძელია ბათუმი
მასპინძელია ბათუმი

როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2025 წელს ბათუმი საქართველოს კულტურის დედაქალაქად გამოცხადდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პალამენტის წევრ არჩილ ბერიძეს ეკუთვნის.

ამ სტატუსის ფარგლებში, აჭარის კულტურის სამინისტრო ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს მრავალფეროვან გალა კონცერტებზე ეპატიჟება. ამ ეგიდით უკვე ორი კონცერტი გაიმართა – 22 ივნისს გონიოს ციხეზე ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ გამოვიდა, ბათუმის დრამატულ თეატრში კი „ქართული კლასიკური მუსიკის საღამო“ შედგა ბათუმის სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით (დირიჟორი – დავით მუქერია).

19 ივლისს ბათუმის ხელოვნების ცენტრში საინტერესო საღამოზე – „ამბები ბათუმზე“ ნიკოლოზ წულუკიძე გვეპატიჟება (დასაწყისი 18 საათზე), იმავე საღამოს „ქართული კინოს მუსიკის“ მოსმენა შესაძლებელია ბათუმის დრამატულ თეატრში – მსოფლიო პოპულარული მუსიკის კონცერტს დირიჟორი დავით მუქერია გაუძღვება, 1 აგვისტოს ნუგზარ ერგემლიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში (20 საათი), 27 აგვისტოს პეტრას ციხე „ქალაქური სიმღერების საღამოს“ უმასპინძლებს. მსმენელის წინაშე გამოვლენ ანსამბლები „ქართული ხმები“ და „ბათუმი“ (20 საათი). 14 სექტემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში ქართული კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ეპატიჟებიან, ბათუმის სიმფონიურ ორკესტრს დავით მუქერია უდირიჟორებს (19 საათი), 29 სექტემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელასა და სოლისტებს მოუსმენთ (19 საათი).

გაიმართება ასევე ვაჟა აზარაშვილის, ნუნუ დუღაშვილის, იოსებ ბარდანაშვილის, ზვიად ბოლქვაძის, გიორგი ცაბაძის და ბევრი სხვა ხელოვანისადმი მიძღვნილი საღამო.

კომენტარები
კომენტარის მინიმალური სიგრძე - 50 სიმბოლო. კომენტარები გადიან მოდერაციას
კომენტარები ჯერ არ არის. იყავით პირველი!
კოდის განახლება
ასევე ნახეთ
საინტერესო პუბლიკაციები